Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვილემ ს. ვის-ის სახელობის იმიტირებული შეჯიბრისთვის საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური გუნდის მონაწილეობა

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტურმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ვილემ ს. ვისის სახელობის, რიგით 33-ე იმიტირებულ შეჯიბრში საერთაშორისო არბიტრაჟის მიმართულებით (Willem C. Vis International Commercial Arbitration Moot), რომელიც გაიმართა 27 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში ავსტრიაში, ქალაქ ვენაში.

 

იურიდიული ფაკულტეტის გუნდი საერთაშორისო ასპარეზზე წარსდგა შემდეგი შემადგენლობით: სესილი ბასილაია, ნატალი ბადრიაშვილი, თეკლა მეგრელი, ნინო ყარალაშვილი, საბა ბასილაძე, თამარ მაზანიშვილი.
გუნდს ხელმძღვანელობდა მარიკა ტურავა - თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი კერძო სამართლის მიმართულებით.

 

Vis Moot წარმოადგენს საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის სფეროში წამყვან სტუდენტურ შეჯიბრს, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების გუნდებს. გასული ექვსი თვის განმავლობაში კონკურსში მონაწილე 384 გუნდი მუშაობდა ერთიან საქმის ფაილზე, რომელიც მოიცავდა საერთაშორისო სავაჭრო სამართლისა და United Nations Convention on Contracts for the International Sale of Goods-ის (CISG) პრობლემურ საკითხებს, ასევე, არბიტრაჟის პროცესის სამართლებრივ და პროცედურულ ასპექტებს.

 

იმიტირებული შეჯიბრი შედგებოდა წერილობითი და ზეპირი ეტაპებისგან. წერილობით ეტაპზე გუნდმა იმუშავა საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟისა და ნასყიდობის სამართლის პრობლემატურ საკითხებზე და მოამზადა მემორანდუმები როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის პოზიციიდან, ხოლო ზეპირ ეტაპზე მონაწილეობდა იმიტირებულ საარბიტრაჟო სხდომებში, სადაც გუნდები წარმოადგენდნენ სამართლებრივ არგუმენტებს საერთაშორისო არბიტრების წინაშე. ქალაქ ვენაში ჩატარებული ზეპირი რაუნდების ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ეჯიბრებოდა სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების გუნდებს და წარმოადგენდა არგუმენტაციას საერთაშორისო კომერციული დავის გადაწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, კონტრაქტის შესრულების შეფერხების, პასუხისმგებლობის გამორიცხვის (force majeure), ზიანის ანაზღაურებისა და არბიტრაჟის იურისდიქციის საკითხებზე.

 

შეჯიბრში მონაწილეობა სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილებას წარმოადგენდა, ვინაიდან იგი აერთიანებდა როგორც აკადემიურ კვლევას, ისე სასამართლო/საარბიტრაჟო დავების სიმულაციას. აღნიშნული პლატფორმა ხელს უწყობს სტუდენტების სამართლებრივი ანალიზის, არგუმენტაციის, საჯარო გამოსვლისა და საერთაშორისო თანამშრომლობის უნარების განვითარებას.

თარიღი: 22/04/2026